Search

ყველაზე უიღბლო ფეხბურთელები და გუნდები

ავტორი: გიორგი ლემონჯავა
ლინკი დაკოპირდა arrow down share iconლინკის კოპირება
ფონტის ზომა
TT

გარი ნევილი, პოლ სქოულზი, რაიან გიგზი, ფილ ნევილი, ნიკი ბატი და დევიდ ბექჰემი, შესაძლოა, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე იღბლიან კოლექტივად მივიჩნიოთ. ყველა მათგანი კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ერთ თაობაში, ერთ გუნდში და სერ ალექს ფერგიუსონის ქვეშ მოხვედრა უდიდესი იღბალია. მაგრამ, არსებობდნენ მათზე უკეთესი ფეხბურთელებიც, ვისაც კარიერაში უბრალოდ არ გაუმართლათ.

მიხაელ ბალაკი

მიხაელ ბალაკი ფეხბურთის ისტორიაში უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო ფეხბურთელია. წაგებული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, წაგებული ევროპის ჩემპიონატის ფინალი, ორჯერ წაგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალი და მრავალი სხვა. მიხაელს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე პრესტიჟული ვერცხლის მედლების კოლექცია აქვს.

თუმცა, ლეგენდარული გერმანელი ნახევარმცველისთვის ყველაზე უიღბლო სეზონი, ცალსახად, 2001-02 იყო. ბალაკი ამ სეზონში საოცარ ფეხბურთს აჩვენებდა და უეფამ სეზონის საუკეთესო ნახევარმცველადაც დაასახელა. იგი 2002 წლის მუნდიალის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა და ოლივერ კანთან ერთად გერმანიის ფინალში გასვლის მთავარი შემოქმედი გახდათ. მეტიც - ბალაკს ზუსტად თითო მატჩი დააკლდა ბუნდესლიგის, გერმანიის თასის, ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად, მაგრამ ოთხივე შემთხვევაში დამარცხდა.

2001-02 სეზონის ბუნდესლიგა ლევერკუზენმა დორტმუნდის ბორუსიასთან ზუსტად 1 ქულით წააგო და, მიუხედავად იმისა, რომ მიხაელი ბუნდესლიგისა და წლის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად დასახელდა, მისი 17 გოლი და 8 საგოლე გადაცემა ლევერკუზენს საჩემპიონოდ არ ეყო. არადა, ბოლო ტურში ბალაკმა დუბლი შეასრულა და გუნდს 2:1 მოაგებინა, რაც ბუნდესლიგის დიდებული ტრიუმფი ყოფილიყო.

გერმანიის თასის ფინალში ლევერკუზენი შალკესთან დამარცხდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი მადრიდის რეალთან წააგო. არადა მანამდე გერმანელებმა ტურნირიდან დეპორტივო, იუნაიტედი და ლივერპული გამოაგდეს, ბალაკმა კი სამივე გუნდის კარში უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანა. მაგრამ, სამწუხაროდ, რეალში ზინედინ ზიდანი თამაშობდა, რომელმაც ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა.

მსოფლიო ჩემპიონატზე ბალაკი ასევე დიდებულად გამოიყურებოდა, მან ტურნირზე 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა, 1/4 და 1/2 ფინალებში კი გერმანიის ყველა გოლი სწორედ ნახევარმცველის ანგარიშზე იყო. თუმცა, კორეასთან ნახევარფინალურ შეხვედრაში ბალაკმა 72' წუთზე ძალიან დასანანი ყვითელი ბარათი მიიღო და ფინალი გამოტოვა.

ტრიპლეტი და მსოფლიო ჩემპიონატი ერთი თვის შუალედში არასდროს არავის არ მოუგია, ბალაკი კი ამ ყველაფერთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლოს ვერცხლის მედლების გარდა არაფერი დარჩა. მიხაელი ტომას ჰენინგ ოვრებოს გენიალური ნამსაჯების მსხვერპლიც გახდა 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, რაც შეგვიძლია ასევე მისი უიღბლობების სიაში მივამატოთ.

პეპ გვარდიოლა

პეპ გვარდიოლა თავისი ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო და "კრუიფის საუკეთესო მოსწავლის" ტიტულს სრულიად დამსახურებულად ატარებდა, მაგრამ ფეხბურთელის როლში მან სპორტში დიდი სახელი ვერ დატოვა, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი სანაკრებო წარმატების ნაკლებობა გახლდათ, სადაც პეპს ძალიან არ უმართლებდა.

პეპისთვის პირველი სანაკრებო ტურნირი 1994 წლის მუნდიალი იყო, მაგრამ მწვრთნელთან იდეოლოგიური დაპირისპირების გამო გვარდიოლამ ტურნირზე 5-დან მხოლოდ 2 მატჩი ითამაშა და ისიც ჯგუფურ ეტაპზე. გვარდიოლა ესპანეთის მთავარ მწვრთნელ ხავიერ კლემენტეს უმტკიცებდა, რომ ესპანეთს ლამაზი, შემტევი და "ტოტალური" ფეხბურთი უნდა ეთამაშა, მაგრამ ესპანელი თავკაცი პეპს არ უსმენდა, '98 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი პეპი განაცხადშიც არ შეიყვანა.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ამის შემდეგ გვარდიოლას ნაკრებში თამაშის შანსი კვლავ მისცეს და ევრო 2000-ს შესარჩევ ციკლში პეპიც და მთლიანი ესპანეთის ნაკრებიც საუცხოოდ გამოდიოდა. პეპი ტურნირზეც წაიყვანეს - ევროპის ჩემპიონატზე მან ძალიან კარგად ითამაშა და ტურნირის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა, მაგრამ მეოთხედფინალში ესპანეთი ყველაზე შეუჩერებელ ნაკრებს დაუპირისპირდა.

ზინედინ ზიდანი 2000 წელს კარიერის საუკეთესო ფორმაში იყო და მისი შეჩერება ვერც ესპანელებმა ვერ შეძლეს, არადა - ამის შანსიც ჰქონდათ. 90' წუთზე ფრანგების კარში პენალტი დაიდო, მაგრამ თერთმეტმეტრიანების შემსრულებელი გაისკა მენდიეტა მოედნიდან უკვე გასული იყო და დარტყმის შესრულება რაულს მოუწია, რომელიც პენალტებს, როგორც წესი, არ ურტყამდა ხოლმე და ვერც ბარტეზს გაუტანა. 

2002 წლის მუნდიალი გვარდიოლამ იმის გამო გამოტოვა, რომ იტალიაში დოპინგის მიღებაში დაადანაშაულეს, არადა მოგვიანებით პეპმა სასამართლო პროცესი მოიგო და აღმოჩნდა, რომ 4 თვით მას ფეხბურთის თამაში სულ ტყუილად აუკრძალეს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისაც ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია. (ერთ-ერთი იმიტომ, რომ ეს ტიტული ფენომენოსა და ვან ნისტელროის დონის ფორვარდებსაც არ აქვთ მოგებული)

არადა, ზლატანი ამ ყველაფერთან ძალიან, ძალიან ახლოს იყო. მეტიც - იგი ჩემპიონთა ლიგის ტიტულს ზედიზედ სამჯერ სულ რამდენიმე თვით აცდა.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

2008/09 და 2010/11 წლებში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ბარსელონა გახდა, ზლატანმა კი კატალონიურ კლუბში მაინცდამაინც 2009/10 სეზონში იასპარეზა, როცა ინიესტას ტრავმისა და ჟოზე მოურინიოს შავი მაგიის გამო ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე სანტიმეტრები დააკლდა და ლიგის გამარჯვებული მილანის ინტერი გახდა.

ინტერში ზლატანი 2006-09 წლებში ასპარეზობდა და მილანურმა გუნდმა იტალიური ფეხბურთის ისტორიაში პირველი და, ჯერ-ჯერობით, უკანასკნელი ტრიპლეტის მოგება ზუსტად მაშინ გადაწყვიტა, როცა ზლატანმა მისი ერთადერთი კატალონიური სეზონი ჩაატარა.

2010 წელს ზლატანი ბარსელონამ მილანში გაანათხოვრა და სანამ შვედს ლიგიდან ტოტენჰემი აგდებდა, ბარსელონამ კიდევ ერთი ლიგის ტიტული მოიგო.

ბენფიკა

გუნდებს შორის ყველაზე უიღბლო და უბედური კოლექტივის ტიტულს, ცალსახად და უპირობოდ, ლისაბონის ბენფიკა იმსახურებს. მათი წარუმატებლობის მისტიური მიზეზები ჯერ კიდევ სამოციან წლებში იღებს სათავეს, როცა სახელფასო კონფლიქტის გამო, გუნდიდან წასვლის შემდეგ, ლეგენდარულმა ებრაელმა მწვრთნელმა ბელა გუტმანმა ბენფიკა "დაწყევლა" და თქვა, რომ ლისაბონელები ევროპის თასს კიდევ ასი წელი ვერ მოიგებდნენ.

ამის შემდეგ ლისაბონელებმა ევროსარბიელზე შვიდი ფინალი ითამაშეს და შვიდივეჯერ დამარცხდნენ, თან ჩემპიონობამდე შვიდივეჯერ ძალიან ცოტა დააკლდათ.

63' წელს ბენფიკამ მილანთან ფინალში 2:1 წააგო, ჟოზე ალტაფინის დუბლით მილანელებმა ქამბექი მეორე ტაიმში შეასრულეს, 65'ში კი ბენფიკა ინტერთან ისევ მინიმალური ანგარიშით, 1:0 დამარცხდა.

68' წელს ბენფიკას იუნაიტედმა 4:1 მოუგო, არადა ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. დამატებით დროში "გუტმანის წყევლა" ამოქმედდა და 92', 94' და 99' წუთებზე მანჩესტერელებმა პორტუგალიელები გააცამტვერეს.

83' წელს ბენფიკამ ანდერლეხტთან კვლავ მინიმალური სხვაობით 1:0 წააგო, 88' წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი პსვ-ს წინააღმდეგ პენალტების სერიაში, 5:6 დამარცხდნენ. არადა, ამ ფინალის წინ ეუსებიო ბელა გუტმანის საფლავს ესტუმრა და ევედრა, რომ წყევლა მოეხსნა. 90' წელს ბენფიკამ მილანთან მეორედ, რაიკაარდის 68' წუთზე გატანილი გოლით ისევ 1:0 წააგო.

2013' წელი კი უიღბლობის პიკი იყო - ბენფიკამ პორტუგალიის ჩემპიონატი ბოლო წუთზე გაშვებული გოლით, ბოლო ტურში პორტოსთან მატჩში წააგო, შემდეგ 81' და 82' წუთზე გაშვებული გოლებით პორტუგალიის თასის ფინალში ქამბექი იგემეს, ევროპის ლიგის ფინალში კი ბრანისლავ ივანოვიჩის 93' წუთზე გატანილი გოლის წყალობით ჩელსისთან 2:1 დამარცხდნენ.

ბოლო ფინალი ბენფიკამ 2014 წელს, სევილიასთან, ისევ პენალტების სერიაში წააგო. თუმცა, ეს მარცხი ბელა გუტმანის წყევლაზე მეტად, შესაძლოა, იან ობლაკის და ოსკარ კარდოზოს ბრალი იყო, მათ ხომ პენალტებთან გუტმანის გარეშეც საშინელი ურთიერთობა აქვთ.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!