2020 წლის 13 მაისს, 39 წელი გავიდა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვებიდან. ამ დღეს დინამო უეფას ტურნირების ისტორიაში ყველაზე აღმოსავლური კლუბი გახდა, რომელიც ევროთასს დაეუფლა.
თასების მფლობელთა თასზე დინამოს მოხვედრა უჩვეულოდ მოხდა – დინამო საბჭოთა კავშირის თასის ფინალში დონეცკის შახტართან დამარცხდა და კვალიფიკაცია უკრაინელებს ეკუთვნოდათ, მაგრამ შახტარმა 1979 წლის ჩემპიონატზე მე-2 ადგილი დაიკავა და უეფას თასზე თამაში აირჩია, რის გამოც თბილისის დინამოს, როგორც ფინალისტს, 1980/81 სეზონის თასების მფლობელთა თასის საგზური ერგო.
კარლ ცეისი აღმოსავლეთ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი იყო. თასების მფლობელთა თასის ფინალი გერმანელებისთვისაც პირველი ევროპული ფინალი გახლდათ. კარლ ცეისმა ნახევარფინალში ლისაბონის ბენფიკა დაამარცხა. ფინალი დასავლეთ გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გაიმართა და შეხვედრას სულ რაღაც 4,750 მაყურებელი ესწრებოდა. მაგრამ, ეს გამარჯვება ქართული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი იყო.
მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, პირველი ტაიმი ფრედ, 0:0 დასრულდა, მეორე ტაიმის შუაში კი ანგარიში გერმანელებმა გახსნეს. ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთზე დინამოს მცველებმა ვერ ითამაშეს, ჰოპემ კი ბურთი მაღალ კუთხეში გადაგზავნა და კარლ ცეისი წინ წაიყვანა.
აქედან 4 წუთში დინამომ ანგარიში გაათანაბრა. რამაზ შენგელიამ ორი გერმანელი მცველის ვარდნას აუარა გვერდი და ვლადიმირ გუცაევი მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომელმაც ბურთი ახლო კუთხეში ზუსტი დარტყმით გადაგზავნა. 86′ წუთზე კი, როცა გუნდები უკვე დამატებით დროზე ფიქრობდნენ, ვიტალი დარასელიამ შესანიშნავი სოლო რეიდი განახორციელა და 2 მცველისთვის გვერდის ავლის შემდეგ, მარცხენა ფეხით უზუსტესი დარტყმა განახორციელა, რომლითაც დინამოს ჩემპიონობა მოუტანა.
მატჩის შემდეგ ყველა გამოცემა თბილისელთა ინდივიდუალურ თამაშსა და ტექნიკაზე საუბრობდა, დინამოს ფეხბურთელები კი სამშობლოში გმირების სახელით ჩამოვიდნენ.
ესპანეთი ის დიდი ნაკრებია, რომლის წინააღმდეგაც ქართველები ყოველთვის საამაყოდ თამაშობდნენ. 2012 წლის 11 სექტემბერს, როცა ესპანეთი მოქმედი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი იყო, ქართველებმა როხიბლანკოს წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშეს და ესპანელებმა 86′ წუთამდე გოლის გატანაც ვერ მოახერხეს, რომ არა ლორიას ტრავმა, შესაძლოა, ეს მატჩი არც წაგვეგო.
აქედან 4 წლის შემდეგ, საქართველომ უკვე ესპანეთის ნაკრების დამარცხებაც მოახერხა. თან ამჯერად ესპანეთში, ალფონსო პერესის სტადიონზე, თორნიკე ოქრიაშვილის გოლით. გოლი დიდი სილამაზით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ესპანეთი ალბათ ყველაზე ძლიერი ნაკრებია, რომელიც საქართველოს დამარცხებული ჰყავს.
1961-62 სეზონი ევროპული კალათბურთის ისტორიაში გამორჩეული იყო, რადგან ამ წელს ერთმატჩიანი ფინალი ჩემპიონთა თასის ისტორიაში პირველად ჩატარდა. ამის მიზეზი არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა იყო, რის გამოც, ფინალურ მატჩს ყველაზე ნეიტრალურმა ქვეყანამ, შვეიცარიამ უმასპინძლა. ამ სეზონში საბჭოთა კავშირს ტურნირზე ორი წარმომადგენელი ჰყავდა - თბილისის დინამო, რომელმაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო და მოსკოვის ცსკა, რომელიც ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი გახლდათ.
„ხო ხვდებით, არა – აბა, სწრაფად მოვრჩეთ ბიჭებო საქმეს და მერე ან რეალს მოვუგებთ, ან – ოლიმპიას. დინამომ უკეთ ითამაშა. ის სერია უნდა აგვეღო. არა ცსკასთვის, საკუთარი თავისთვის უნდა დაგვემტკიცებინა, რომ მეტის შნო გვქონდა. ორივე თამაში მოვიგეთ. ვიღაცას მეტი სათამაშო დრო მისცეს, ვიღაცამ ვიღაცა დაასვენა და მაგარი სერია გამოვიდა”. - ასე იხსენებს დაპირისპირებას ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი ლევან მოსეშვილი, ტაბულასთან ინტერვიუში.
რეალმა ფინალში გასასვლელად მოროკოს, იტალიის, პოლონეთისა და იუგოსლავიის ჩემპიონები დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მათ შანსი ჰქონდათ პირველი ესპანური გუნდი გამხდარიყვნენ, რომელიც ტიტულს დაეუფლებოდა. ისევე, როგორც პირველი კლუბი, რომელიც ევროპის ჩემპიონი ფეხბურთშიც გახდებოდა და კალათბურთშიც. რა თქმა უნდა, ამ მიზნების ასრულებაში მათ ხელი თბილისის დინამომ შეუშალა.
დინამოს მიერ ცსკა-ს დამარცხება იმხელა სიურპრიზი იყო, რომ მადრიდელები თბილისელთა ვარჯიშს დაესწრნენ, რადგან ენახათ გუნდი, რომელმაც წითელი არმიის დამარცხება მოახერხა. რეალის საუკეთესო მოთამაშე უეინ ჰაიტაუერი იყო, რომელსაც მომავალში NBA-შიც აქვს ნათამაშები და ამ ფინალში ყველაზე მეტი, 30 ქულა ჩააგდო.
დინამოს საუკეთესო მოთამაშე ვალერი ალთაბაევი გახლდათ, 17 ქულით. ფინალი დინამოს უპირატესობით მიმდინარეობდა და რეალის რამდენიმე დაწევის მცდელობის მიუხედავად, თბილისელებმა გამარჯვება ადვილად მოიპოვეს. ევროლიგის ტიტული სულ 21 გუნდს აქვს მოგებული, თბილისის დინამო კი ერთ-ერთ მათგანია. საბჭოურ ცსკა-სთან და ფრნაკოს რეალთან მოგებული ევროპის ჩემპიონატი კი თბილისელებისთვის განსაკუთრებით ტკბილი მოგონებაა.
2010 წელს თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გახდა და მისი მოღვაწეობის პირველი მატჩები დიდი წაუგებელი სერიით იყო გამორჩეული - ქართველებმა პირველ 10 მატჩში 5 ფრე და 5 მოგება დააფიქსირეს, მეტოქეებისგან კი ამ 10 შეხვედრაში მხოლოდ 5 გოლი გაუშვეს.
სომხეთთან და სლოვენიასთან გასვლაზე მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ხორვატიას უმასპინძლა და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი მოგებაც მოიპოვა, როცა ლევან კობიაშვილმა ხორვატების კარი ბოლო წუთზე დალაშქრა.
2008 წლის შემდეგ, საქართველოს და რუსეთის ნაკრებებს ერთ ჯგუფში მოხვედრა ეკრძალებათ და, შესაბამისად, ძალიან დიდი ხანია რუსეთის ნაკრების ფეხბურთში დამარცხების გემო არ გვიგრძვნია - მაგრამ, სანამ ეს აკრძალვა დაწესდებოდა, საქართველოს ნაკრებმა რუსეთს 3-ჯერ უმასპინძლა და სამივე მატჩში დაუმარცხებელი იყო, ევრო 2004-ს შესარჩევ ეტაპზე კი დაამარცხა კიდეც რუსები.
მატჩი თავდაპირველად 2002 წლის ოქტომბერში ტარდებოდა, მაგრამ პირველ ტაიმში შუქის ჩაქრობის გამო, ტომას ჰენინგ ოვრებომ (დიახ, იმ შესანიშნავმა არბიტრმა ჩელსი-ბარსელონას მატჩიდან) მატჩი შეწყვიტა. შეხვედრის განმეორება 2003 წლის აპრილში გაიმართა, ქართველებმა კი მალხაზ ასათიანის თავური გოლით მოახერხეს გამარჯვება.
რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება ქართველებისთვის ძალიან სასიხარულო მოვლენა იყო და, მიუხედავად იმისა, რომ ევრო 2004-ზე გასვლა ჩვენმა ნაკრებმა ვერ მოახერხა, ეს შეხვედრა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტკბილ მოგონებად რჩება.