Search

ხვიჩას მორიგი შესანიშნავი გოლი და ასისტი

ფონტის ზომა
TT

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე მესამე გოლი და მეოთხე საგოლე გადაცემა მიითვალა.

ხვიჩას გოლი უფას კარში

ხვიჩას რუბინმა "ნეფტიანიკზე" ადგილობრივი უფა სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა, ხვიჩამ კი პირველი გოლი გუნდელ დენის მაკაროვს გაატანინა, მეორე კი თავისით გაიტანა.

ამ გამარჯვებით ქართველი ვინგერის გუნდმა მეხუთე ადგილზე დაწინაურება მოახერხა და ევროასპარეზს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

კვარაცხელიამ ამ სეზონში 7 გოლში მიიღო მონაწილეობა და დესპოტოვიჩის შემდეგ გუნდის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა.

ცოტა ხნის წინ TuttoMercato-მ დაწერა, რომ ხვიჩას მილანის, იუვენტუსის და დორტმუნდის ბორუსიას სკაუტები აკვირდებიან და გუნდების წარმომადგენლები მის სანახავად საქართველოს ნაკრების მატჩზე დასწრებასაც აპირებენ.

ეს ხვიჩას ადვოკატმა მამუკა ჯუღელმაც დაადასტურა. უფასთან გოლი და ასისტი კი ამ გრანდების სკაუტებს არავითარ შემთხვევაში არ გამოეპარებოდათ, კვარაცხელიას შესანიშნავი ფორმა კი ქართველ გულშემატკივარს უფრო და უფრო დიდ იმედს აძლევს, რომ მისი კარიერა რუბინის შემდეგ რომელიმე გრანდში გაგრძელდება.