Search

სერხიო რამოსი რეკორდებს ამსხვრევს

ფონტის ზომა
TT

ფურია როხამ უკრაინელების წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და 4:0 მოიგო, საიდანაც პირველი ორი გოლი სწორედ ლეგენდარულმა მცველმა შეასრულა.

ეს რამოსის მესამე დუბლი იყო ნაკრებში, აქამდე სერხიოს 2-2 გოლი სან მარინოს და რუსეთის ნაკრებების წინააღმდეგ ჰქონდა გატანილი.

ესპანეთის ნაკრების კაპიტანს ქვეყნის სახელით უკვე 23 გოლი დაუგროვდა, რითიც მან ალფრედო დი სტეფანოს შედეგი გაიმეორა, თან ეს ყველაფერი სწორედ ალფრედოს სახელობის სტადიონზე მოხდა.

ყველაზე მეტი გოლი მცველებს შორის სანაკრებო ფეხბურთში

23 გოლით სერხიომ დანიელ პასარელასაც გადაუსწრო, რომელსაც აქამდე ნაკრებში მცველის მიერ გატანილი გოლების რეკორდი ეკუთვნოდა.

რამოსმა შარშან რონალდ კუმანს (18 გოლი) აჯობა, წელს კი ოფიციალურად ყველაზე შედეგიანი მცველი გახდა სანაკრებო ფეხბურთის ისტორიაში.

მასზე წინ ჯერ კიდევ არის ფერნანდო იერო (29 გოლი) მაგრამ იერო 27 წლის ასაკამდე ნახევარდაცვაში თამაშობდა და გოლების დიდი ნაწილიც სწორედ აქედან აქვს გატანილი.

34 გოლი ბოლო 2 სეზონში

2018/19 სეზონის სტარტიდან დღემდე სერხიო რამოსმა 34 გოლის გატანა მოახერხა.

აქედან 10 გოლი მცველმა ნაკრებში გაიტანა, 17 ლა ლიგაში, 2 ჩემპიონთა ლიგაზე, 3 ესპანეთის თასზე და თითო საკლუბო მუნდიალსა და უეფას სუპერთასზე.

ამ 34 გოლიდან, 20 პენალტიდან გავიდა, 1 საჯარიმო დარტყმიდან, დანარჩენი 13 კი ღია თამაშიდან.

ზედიზედ 23 ზუსტი პენალტი

სერხიო რამოსი, რომელიც ერთ დროს ყველაზე პოპულარულ საფეხბურთო მიმად სწორედ საშინლად შესრულებული პენალტის გამო იყო ქცეული, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო თერთმეტმეტრიანების შემსრულებელია.

ბოლოს რამოსმა პენალტი 2017/18 სეზონში, რამონ სანჩეს პისხუანზე გააფუჭა, სევილიასთან მატჩში. თუმცა, გაცუდებული პენალტიდან 32 წუთის შემდეგ, რამოსმა სევილიას კარი თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან მაინც აიღო და ამის შემდეგ კიდევ 22 პენალტი შეასრულა უშეცდომოდ.

ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში

სერხიო რამოსმა გუშინ ესპანეთის მაისურით 172-ე შეხვედრა ჩაატარა და მსოფლიო ფეხბურთის რეკორდს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

აჰმედ ჰასანს ეგვიპტის ნაკრებში 184 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც რეკორდია. რამოსი კი მოქმედ ფეხბურთელებს შორის ამ რეკორდის გამეორებასთან ყველაზე ახლოსაა.

რამოსის შემდეგ 164 მატჩით კრიშტიანუ რონალდუ მოდის, რომლის ტრავმამაც რამოსს ჰანდიკაპის გაზრდის საშუალება მისცა.

რამოსი ჰასანის რეკორდს დიდი ალბათობით ევროპის ჩემპიონატის დროს დაეწევა.