Search

ბარსელონას პრეზიდენტი დააპატიმრეს

ფონტის ზომა
TT

როგორც პრესა იტყობინება, კატალონიის ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ კატალონიურმა პოლიციამ დააპატიმრა.

რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ინფორმაცია რომ კლუბის სათავო ოფისში პოლიცია ჩხრეკას ატარებდა, ახლა კი Cadena SER და RAC1 ადასტურებენ, რომ ოსკარ გრაუ და რომან გომეს პონტი ადგილზე დააკავეს.

საკუთარ სახლებში დააკავეს ყოფილი დირექტორი ხაუმე მასფერერი და ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ, ყველანი ლოკალურ პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.

ეს დაპატიმრებები თებერვალში მომხდარ Barcagate-სთან დაკავშირებით მოხდა.

რა არის Barcagate?

ბარსაგეიტი ბართომეუს ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე განმაცვიფრებელი, სახალისო და შოკისმომგვრელი სკანდალი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბარსელონას დაქირავებული ჰყავდა სოციალური მედიის სამართავი კომპანიები, რომლებსაც ევალებოდათ "გაეშავებინათ" კლუბის ის ფეხბურთელები, დირექტორები და ყოფილი ლეგენდები, რომლებიც ბართომეუს წინააღმდეგ წავიდოდნენ.

კლუბში მაშინ შიდა აუდიტი ჩატარდა და ბარსელონამ განაცხადა, რომ ბორდის წევრები "ტროლ ფაბრიკის" შექმნის უკან არ იდგნენ, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ბარსელონას საგამომძიებლო სასამართლოს ერთ-ერთმა მოსამართლემ ინდივიდუალური კორუფციისა და კლუბის ფინანსების არაკეთილსინდისიერად გაფლანგვის შესახებ Dignant Blaugrana-ს მიერ შეტანილი სარჩელი მიიღო.

2020 წლის ზაფხულში მოსამართლემ ბრძანება გასცა, რომ კლუბის ოფისის დათვალიერება და ამ საქმის შესახებ ინფორმაციის მოგროვება მომხდარიყო.

ბართომეუს "გაშავებულ" ხალხს შორის იყვნენ ისეთი ლეგენდები როგორებიც: ჩავი, პუიოლი, მესი, პიკე და გვარდიოლა არიან. იგი ასევე ეწეოდა აგუსტი ბენედიტოს და ვიქტორ ფონტის დისკრედიტაციას.

რაღაც შემთხვევებში "ფეიკ ექაუნთები" ბარსელონას ფეხბურთელების ოჯახის წევრებსაც ეხებოდნენ. მაგალითად, ერთ-ერთმა ასეთმა გვერდმა დაწერა, რომ პიკე ლიდერობაზე და პრეზიდენტობაზე რამდენსაც არ უნდა საუბრობდეს, სახლში ის კაბას ატარებს, შარვალი კი შაკირას აცვია-ო. ეს პოსტი იმდენმა ყალბმა პროფილმა გადააზიარა, რომ Twitter-ის ტრენდების გვერდზეც აღმოჩნდა.

როცა ეს ინფორმაცია 2020 წლის თებერვალში კადენა სერმა გაავრცელა, გუნდის ბორდის 6 წევრი გადადგა, მათ ყველაფერი უარყვეს, თუმცა კომპანია I3 Ventures-თან ურთიერთობა დაადასტურეს.

როგორც ირკვევა, ბარსელონა ამ კომპანიას სოციალური მედიის მომსახურებაში საბაზრო ფასზე ექვსჯერ უფრო დიდ თანხას უხდიდა.

ამასთან ერთად, ბართომეუს ადმინისტრაციის ყველა გადარიცხვა რომელიც I3 Ventures-ს ანგარიშზე შესრულდა, სულ ოდნავ ცდებოდა იმ ზღვარს, რის შემდეგაც ფინანსური ტრანზაქცია ბორდმა უნდა დაადასტუროს.

ასეთი გზით, I3 Ventures-ის მომსახურება საიდუმლოდ ისახებოდა და ბორდის წევრების დიდ ნაწილს მომხდარზე წარმოდგენა არ ჰქონდა.