Search

რას უნდა ველოდოთ ლამპარდის ჩელსისგან მომავალ სეზონში?

ფონტის ზომა
TT

მარინა გრანოვსკაიას მიერ გაჩარხული ტრანსფერები ამ ზაფხულის ყველაზე წარმატებული პროექტია.

ჩელსიმ ტრანსფერებში დაახლოებით £200 მილიონი დახარჯა და ექვსი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაიმატა, საიდანაც ორის ტრანსფერი უფასოდ შედგა.

ეს ლონდონური კლუბის რეკორდია - აქამდე ერთ ფანჯარაში ყველაზე მეტი აბრამოვიჩის გუნდს 2017/18 სეზონში ჰქონდა დახარჯული, სადაც ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ძალიან წარუმატებელი ალვარო მორატა იყო.

რატომ აქვს ტრანსფერების ფული მხოლოდ ჩელსის?

გრანოვსკაიას შესანიშნავი მოლაპარაკების უნარი ერთადერთი ფაქტორი არ ყოფილა იმ ამბავში, რომ ჩელსი პრაქტიკულად ერთადერთი გრანდია, ვინც წელს ტრანსფერებში ფული დახარჯა.

კორონავირუსის პანდემიის გამო ფინანსებს ყველა დიდი გუნდი უფრთხილდება და ფულს მხოლოდ ტრანსფერებზე კი არა, ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელების ხელფასებზეც კი ზოგავენ.

მაგრამ, ჩელსიმ ფულის დაზოგვა უკვე მოასწრო, თან ძალიან კარგად. ლონდონელებს სატრანსფერო ბანი ედოთ და ამ პერიოდში ედენ აზარიც გაყიდეს.

რომან აბრამოვიჩი ფულის ნაკლებობას არც ისე უჩივის, მაგრამ რუსი მილიარდერი ფინანსური ფეარ პლეის წესების დარღვევას ერიდება ხოლმე.

 

ფრენკ ლამპარდი

21 წლის ნახევარმცველში £71 მილიონის გადახდა, შესაძლოა, სარისკოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ თუ ნახევარმცველი თავის პოტენციალს გამოიყენებს, იგი ლონდონელებს ბევრად მეტ ფულს მოუტანს.

კლუბის გადაწყვეტილება რომ გუნდში ევროპის ტოპ ტალანტები მოიყვანონ იმისკენ მიუთითებს, რომ ლამპარდი გრძელვადიან პროექტს გეგმავს. კაი ჰავერცი 21 წლისაა, ტიმო ვერნერი 24, ბენ ჩილველი კი 23.

ეს ფეხბურთელები უკვე გუნდში მყოფ 21 წლის პულისიჩს, 22 წლის ტამი აბრაჰამს, 21 წლის მეისონ მაუნტს, 20 წლის რის ჯეიმსს და 19 წლის კალუმ ჰადსონ-ოდოის შეუერთდებიან.

ლამპარდის პროექტი რომან აბრამოვიჩის სამმართველო სტილიდან სერიოზული გადახვევა იქნება, რადგან როგორც წესი რომანი მწვრთნელების მიმართ არც თუ ისე მომთმენია ხოლმე.

ჩელსის თანამედროვე ისტორიაში, ფრენკ ლამპარდი მწვრთნელებს შორის ყველაზე ნაკლებ ზეწოლას განიცდის. თუ ლონდონური კლუბი აქამდე მსოფლიო დონის ვარსკვლავების ყიდვას და წარმატების მალე მიღწევას ცდილობდა, ახლა აბრამოვიჩი დინასტიის აშენებას ეცდება, რაც რუსს ყოველთვის უნდოდა.

თუმცა, კლუბისგან ზეწოლის ნაკლებობა იმას არ ნიშნავს, რომ ლამპარდი საკუთარი თავისგან მაქსიმუმს არ ითხოვს. მენტალიტეტითა და შემართებით ფრენკი ტოპ მწვრთნელებს უკვე არ ჩამოუვარდება.

 

რა პრობლემები აქვს გუნდს?

ლამპარდს საკმაოდ წარმატებული პირველი სეზონი ჰქონდა, მაგრამ გუნდს აშკარა პრობლემებიც გააჩნდა.

ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ლამპარდისთვის იმ გუნდების გატეხვა იყო, რომლებიც სტემფორდ ბრიჯზე ყრუ დაცვაში თამაშობდნენ. ჰაკიმ ზიეჩი შესაძლოა სწორედ ის გასაღები იყოს, რომელიც ფრენკის სჭირდება.

რა თქმა უნდა, გუნდის მთავარი პრობლემა არასტაბილური დაცვა იყო. პრემიერ ლიგის ტოპ 10 გუნდს შორის ჩელსიმ გასულ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაუშვა.

ლონდონურმა კლუბმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად 36 წლის ტიაგო სილვა იყიდა, რაც ასაკის გათვალისწინებით შესაძლოა სარისკო ტრანსფერი აღმოჩნდეს. თან იმის გათვალისწინებით, რომ ამ თვეებში კალიდუ კულიბალის ნაპოლიდან შესაძლო წასვლაზე ძალიან ბევრი იწერებოდა.

იმ შემთხვევაშიც კი თუ ტიაგო სილვამ გაამართლა, ეს პრობლემების მოკლევადიანი გადაჭრა იქნება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი გუნდი დეკლან რაისს ადგამს თვალს, რომელიც მეისონ მაუნტის საუკეთესო მეგობარი გახლავთ.

სილვას ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა და ფინალში გასვლისდა მიუხედავად, ბრაზილიელმა ტურნირზე თამაშის წესი მხოლოდ 4-ჯერ დაარღვია. ამაზე ნაკლები დარღვევა მხოლოდ რაფაელ ვარანს და ვირჯილ ვან დაიკს ჰქონდათ.

 

ჩელსიმ ფული შემტევ ფეხბურთელებზე დახარჯა, მაგრამ თუ ტიაგო სილვამ პრემიერ ლიგაში გაამართლა, შესაძლოა იგი ამ ზაფხულის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერი გამოდგეს.

ხოლო სილვას ტრანსფერის წარუმატებლობის შემთხვევაში, ლონდონელებს დამატებითი სახსრების გამოყოფა დასჭირდებათ.

თუმცა, დიდი პრობლემა ლამპარდის შეგირდებისთვის არც ეს იქნება. კლუბმა ლეგენდარულ ნახევარმცველს უკვე გარანტია მისცა, რომ მას არავინ "აჩქარებს" და საკუთარი გეგმების განხორციელებაში ხელს არ შეუშლიან.

აბრამოვიჩს ყოველთვის მოწონდა სერ ალექს ფერგიუსონის სტაბილურობა და კლუბში დინასტიის შექმნა არაერთხელ დააპირა, ბოლო დროინდელმა კლოპის წარმატებამ კი როგორც ჩანს რომანს საბოლოოდ გადააწყვეტინა რომ კლუბში გრძელვადიანი პროექტი განეხორციელებინა.

ჩელსი მოედანზე უკვე დიდი ხანია გრანდია, მაგრამ მინდორს გარეთ ლონდონური კლუბი აქამდე ახალგაზრდა და გამოუცდელი ფრენჩაიზივით იქცეოდა, ახლა კი არისტოკრატები განსხვავებულ პოლიტიკას ნერგავენ.