Search

ოლივიე ჟირუს მასტერკლასით ჩელსიმ ატლეტიკო დაამარცხა

ფონტის ზომა
TT

ჩოლო სიმეონეს გუნდმა ლა ლიგის ბოლო 4 ტურში 7 ქულა დაკარგა, წარუმატებელი სერია კი კოლხონერომ ევროპაშიც გააგრძელა.

მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში ჩელსის "მასპინძლობდნენ" (მატჩი ნეიტრალურ არენაზე გაიმართა) და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.

შეხვედრა საკმაოდ უღიმღამოდ მიდიოდა და თითქოს არაფრით უნდა ყოფილიყო გამორჩეული, მაგრამ 68' წუთზე ოლივიე ჟირუმ ულამაზესი მაკრატელა გაიტანა და თავისი შესანიშნავი გოლების სიას კიდევ ერთი შედევრი შემატა.

ჟირუ ევროპაში შესანიშნავ სეზონს ატარებს, ბომბარდირთა დავაში ფრანგი თავდამსხმელი მხოლოდ ერლინგ ჰალანდს ჩამორჩება და ნორვეგიელზე 2 გოლით ნაკლები აქვს.

ტომას ტუხელის შესანიშნავი სერია კი გრძელდება - გერმანელმა სპეციალისტმა ლონდონელთა თავკაცის რანგში 8 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ჩელსიმ 6 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ამ რვა შეხვედრაში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა.