Search

ნანობს თუ არა რონალდუ რეალიდან წასვლას?

ფონტის ზომა
TT

ჯერ კიდევ გასულ დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, რონალდუმ შიდა წრეში აღიარა, რომ რეალიდან წასვლას ნანობს. ამ ეჭვებს მიმდინარე სეზონი კიდევ უფრო საფუძვლიანს ხდის.

რონალდუმ რეალი 2018 წლის ზაფხულში, €100 მილიონის სანაცვლოდ დატოვა.

ამ დროს პორტუგალიელს უკანასკნელი 5-დან 4 ოქროს ბურთი ჰქონდა მოგებული და ზედიზედ მესამე ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგების შემდეგ, ზედიზედ მესამედ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებას ელოდებოდა.

თუმცა, იუვენტუსში გადასვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

წლის მეორე ნახევრის იუვენტუსში გატარების შემდეგ, რონალდუმ ოქროს ბურთის ბრძოლა ყოფილ გუნდელ ლუკა მოდრიჩთან წააგო.

2019 წელს კი პორტუგალიელი მესამეზე იყო და პირველ ორ ადგილზე გასულ მესისა და ვირჯილ ვან დეიკს ბევრი ხმით ჩამორჩებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუმ 2019 წელს სერია ა და უეფას ერთა ლიგა მოიგო, მის სადებიუტო სეზონში პორტუგალიელმა ყველაზე ცოტა მატჩი ითამაშა, 2009/10 სეზონის შემდეგ (რომელშიც მას რამდენიმე თვე ტრავმის გამო გაუცდა), და ყველაზე ცოტა გოლი გაიტანა მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლის შემდეგ.

რონალდუმ სადებიუტო სეზონში სერია ა-ს ბომბარდირობა 37 წლის ფაბიო კვალიარელას დაუთმო, ახლა კი მას ჩირო იმობილე ჯობნის.

2019 წლის დეკემბერში, ABC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რონალდუ თავის ახლო მეგობრებს გამოუტყდა, თუ როგორ ნანობს რეალიდან წასვლას.

როგორც გამოცემა იტყობინებოდა, რონალდუ თვლის, რომ უკანასკნელი ორი ოქროს ბურთის მოგებაში ხელს ვერავინ შეუშლიდა, იუვეს მაგივრად რეალის ფეხბურთელი რომ ყოფილიყო.

არავინ იცის რა მოხდებოდა პორტუგალიელი რომ დარჩენილიყო, მაგრამ განშორება იოლი არც რონალდუსთვის და არც რეალისთვის არ ყოფილა.

როგორც ვიცით, 2020 წლის ოქროს ბურთის გათამაშება არ ჩატარდება და რომც ჩატარებულიყო, რონალდუს ფავორიტებში ბუქმეიქერები საერთოდ არც მოიაზრებდნენ.

თებერვალში ლეგენდარული ფეხბურთელი უკვე 36 წლის იქნება და ძალიან რთული წარმოსადგენია სცენარი, რომელშიც პორტუგალიელი მესის ოქროს ბურთების რაოდენობას დაეწევა ან გადაუსწრებს.

გასულ სეზონში რეალიც და იუვენტუსიც ტურნირიდან ახალგაზრდულმა აიაქსმა გამოთიშა, წელს კი ორივე გუნდმა მერვედფინალის პირველი მატჩი წააგო და ტურნირის მოგების ფავორიტად არც ერთი მათგანი აღარ ითვლება.

მეტიც, დიდი შანსია, რონალდუ და რეალი ლიგიდან კვლავ ერთი და იგივე გუნდმა - ამჯერად მანჩესტერ სიტიმ გამოაგდოს. ამ ორი წყვილის გამარჯვებული მეოთხედფინალში სწორედ ერთმანეთს დაუპირისპირდება.

გულშემატკივრები კი ზუსტად იმაზე ფიქრობენ, რა მოხდებოდა პორტუგალიელი და მადრიდული გუნდი რომ აიაქსსა და სიტის ერთობლივი ძალებით დაპირისპირებოდნენ - რონალდუს რეალი ხომ ბოლო 3 წლის განმავლობაში შეუჩერებელი იყო.