Search

მიმოხილვა - ლევანტე 3:3 რეალი

ფონტის ზომა
TT

მადრიდის რეალმა ლა ლიგის მეორე ტურში ქულები დაკარგა და ბარსელონას ფეხის დაცდენით ვერ ისარგებლა, რამაც ორი ტურის შემდეგ ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერად მადრიდის ატლეტიკო დატოვა.

მატჩის მთავარი მოვლენა ვინიციუს ჟუნიორის შესანიშნავი თამაში იყო, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმის შუაში შემოვიდა და ორი გოლის გატანა მოახერხა.

ვინიციუსმა მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ 55 წუთი გაატარა და უკვე სამი გოლი შეაგდო, რაც ბრაზილიელის კარიერაში საუკეთესო შედეგია.

შესანიშნავი მატჩი ჰქონდა კარიმ ბენზემამაც, რომელმაც პირველ ტურში შესრულებული დუბლის შემდეგ, ამჯერად ორი საგოლე გადაცემა განახორციელა.

საპასუხოდ ვერაფერ კარგს ვერ ვიტყვით რეალის დაცვაზე, რომელიც სერხიო რამოსის და ვარანის წასვლის შემდეგ საშინლად გამოიყურება და ალბათ ეს გულშემატკივრებისთვის გასაკვირი არც უნდა იყოს.

2019-20 სეზონში რეალმა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა, გასულ სეზონში კი ამ მაჩვენებლით ევროპაში მესამე ადგილზე იყო.

ახლა, მადრიდელებს 2 ტურში უკვე 4 გოლი აქვთ გაშვებული და მათზე ცუდი შედეგი ესპანეთის მასშტაბით მხოლოდ დეპორტივო ალავესს აქვს, რომელიც მეცხრამეტე ადგილზეა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლა ლიგის ვერსიით ვინიციუს ჟუნიორი დასახელდა.