Search

მიმოხილვა: ბარსელონამ სელტასთან წააგო

ფონტის ზომა
TT

კატალონიის ბარსელონამ ქულები ზედიზედ მესამე მატჩში დაკარგა და პრესა ლიონელ მესის წასვლაზე კიდევ ერთხელ აალაპარაკა.

ლეომ მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ყველა გამოცემისგან საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა, არგენტინელმა თავდამსხმელმა შესანიშნავი გოლიც გაიტანა თავისთვის უჩვეულუ - თავური დარტყმით. მაგრამ ეს ყველაფერი ბარსელონასთვის ქულების მოსატანად საკმარისი არ აღმოჩნდა.

მიმოხილვა - ბარსელონა 1:2 სელტა დე ვიგო

მესი ლა ლიგის ბომბარდირი კიდევ ერთხელ გახდა, მაგრამ გუნდს ესპანეთის ჩემპიონატში უკანასკნელ 15 წელიწადში ყველაზე ცუდი სეზონი აქვს.

რა ხდება ლა ლიგის ბოლო ტურში?

ატლეტიკოს, რეალის და სელტას გამარჯვებები იმას ნიშნავს, რომ ბარსელონას ჩემპიონობის მათემატიკური შანსიც აღარ აქვს, ხოლო მადრიდის რომელ უბანში დარჩება ლა ლიგის თასი ეს ბოლო ტურში გადაწყდება.

ბარსელონა ბოლო ტურში ბოლოადგილოსან ეიბარს შეხვდება და ეცდება ჩავარდნილი სეზონი შედარებით დადებით ნოტაზე დაასრულოს. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, კატალონიელები შესაძლოა მეოთხე ადგილზე დაქვეითდნენ - სამეულს გარეთ ბარსელონა 2003 წლის შემდეგ არ დარჩენილა.

ბოლო ტურში მადრიდის რეალი ვილიარეალს უმასპინძლებს - ყვითელმა წყალქვეშა ნავმა ამ ტურში ევროსაგზური გაინაღდა, მაგრამ ჯერ არ გადაწყვეტილა ევროპის ლიგაზე ითამაშებს ვილიარეალი თუ კონფერენციის ლიგაზე, ამიტომ ბოლო ტურში რეალი საკმაოდ მოტივირებულ გუნდს შეხვდება.

ატლეტიკო სეზონს ვალიადოლიდის წინააღმდეგ დაამთავრებს. ფენომენოს გუნდი საშინელ ფორმაშია და ბოლო ზედიზედ 3 შეხვედრა უშანსოდ წააგეს, რის გამოც ლა ლიგიდან თითქმის გავარდნილები არიან. დარჩენის შანსის შესანარჩუნებლად ბოლო ტურში ვალიადოლიდს ატლეტიკოს წინააღმდეგ აუცილებლად მოგება ჭირდება, თუმცა თუ უესკამ და ეიბარმა ქულები არ დაკარგეს შესაძლოა ვალიადოლიდისთვის ატლეტიკოსთან მოგებაც არ აღმოჩნდეს საჭირო.

თუ ატლეტიკომ მოიგო, სიმეონეს გუნდი ჩემპიონია. თუ ატლეტიკომ ფრე ითამაშა ან წააგო და რეალმა მოიგო, ჩემპიონი ბლანკოსი გახდება.

ლიონელ მესი, მესი, ბარსელონა, კამპ ნოუ, მიმოხილვა