Search

მეგობრები ერთმანეთს არ ეთანხმებიან

ავტორი: დათა კუპატაძე
ლინკი დაკოპირდა arrow down share iconლინკის კოპირება
ფონტის ზომა
TT

მოქმედება მეორე

ორი ინგლისელი მეგობარი სასტუმროს ფოიეს ტელევიზორს თვალს არ აშორებს და გასცქერის ნიდერლანდებისა და ეკვადორის მატჩის ბოლო წუთებს.

როზენკრანცი: რას იტყვი, მგონი კარგი პირველი ტური გამოვიდა და ყველაფერი ისე დაიწყო როგორც ჩვენ გვინდოდა.
გილდენსტერნი: ჰმ, ვფიქრობ, მართალი ხარ. ინგლისმა დამაჯერებლად მოიგო და ის თამაში გვაჩვენა, რომელსაც ნამდვილად არ ველოდით. სამწუხაროდ საფრანგეთიც ძალიან კარგად გამოიყურებოდა და მეოთხედფინალში დიდია შანსია ინგლისს შეხვდეს.

როზენკრანცი: არ დაგავიწყდეს, არგენტინამ სენსაციურად წააგო საუდის არაბეთთან, არ გამორიცხო, რომ ჯგუფში მეორეზე გავიდეს და მერვედფინალშივე შეხვდეს საფრანგეთს. აი, მანდ რა მოხდება მერე არავინ იცის. ახლა ალბათ სკალონი ტაქტიკურ გადაადგილებებსაც შემოგვთავაზებს და გაცილებით მოტივირებულები იქნებიან.
გილდენსტერნი: კარგი რა, ასე თეორიული ბევრი ვარიანტი არსებობს.

როზენკრანცი: ჰო, კარგი. შენ ის თქვი ესპანეთის თამაში როგორ მოგეწონა?
გილდენსტერნი: ძალიან კარგად და ლამაზად ითამაშეს და მე ერთ-ერთ ფავორიტი მგონია.

როზენკრანცი: აი, აქ მე ვერ დაგეთანხმები. გადაბერებული კოსტა რიკის ნაკრები საერთოდაც არაა რაიმეს განმსაზღვრელი. გერმანიამაც სენსაციურად წააგო იაპონიასთან, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ესპანეთზე უკეთესიცაა და მეორე ტურში დაგიმტკიცებ კიდეც ამას.
გილდენსტერნი: კარგი რა, მეგობარო, როგორ გამაცინებ ხოლმე. მოდი აბა, შენი წარმოდგენები დანიაზეც გამანდე, რომელიც ერთ-ერთ ფარულ ფავორიტად მიგაჩნდა და ტუნისს გოლიც ვერ გაუტანა.

როზენკრანცი: და რას ელი რომ გეტყვი? ვერ ითამაშეს და შევცდი. კმაყოფილი ხარ? ჯგუფის ცალსახა ფავორიტი საფრანგეთია და შეიძლება ტურნირისაც.
გილდენსტერნი: აი, ძალიან კარგი. მომწონს, რომ სიმართლის ლაპარაკი დაიწყე. კარგი, კარგი. მოდი ისიც მითხარი, დანიის გარდა, ყველაზე მეტად რომელი გუნდი იყო შენთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება და რატომ ხორვატია?

როზენკრანცი: დიახ, ხორვატია მართლაც საკმაოდ დიდი იმედგაცრუება გამოდგა, იქიდან გამომდინარე, რომ მოქმედი ვიცე ჩემპიონები არიან და ერთა ლიგაზეც გადასარევად გამოიყურებოდნენ. ხორვატიის გარდა მე ბელგიითაც ვერ მოვიხიბლე, აშკარად ვეღარაა ისეთი, როგორიც იყო და წელს მით უმეტეს ვერანაირ მოლოდინს ვერ გაამართლებს.
გილდენსტერნი: მოდი რონალდუზეც ვთქვათ ერთი ორი სიტყვა.

როზენკრანცი: რა ვთქვათ, პორტუგალიისგან მაინც მეტს ველი, მაგრამ განაც კარგი გუნდია. რონალდუმ და მესიმ ორივემ მხოლოდ პენალტის გატანა შეძლეს, თუმცა რონალდუმ ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო ეს და აჟიოტაჟიც ამან გამოიწვია. ისე, ურუგვაი თუ გამოცოცხლდება, არის შანსი პორტუგალია მეორე ადგილზე გავიდეს და მომდევნო ეტაპზე ბრაზილიას შეხვდეს. აი, ბრაზილია კი საუცხოოდ გამოიყურება და შეიძლება ვერც ვერავინ შეაჩეროს.
გილდენსტერნი: აი, ნიდერლანდების მატჩიც დასრულდა, ინგლისის პირველი მეტოქე პლეი ოფში ამ ჯგუფიდან იქნება. ნიდერლანდები კარგად არ გამოიყურება, თუმცა, ალბათ, მაინც შეძლებს პირველი ადგილის დაკავებას, რადგან კატარს ხვდება ბოლო მატჩში. აი, მეორე ადგილზე საინტერესოა სენეგალი იქნება თუ ეკვადორი. არც სენეგალი და არც ეკვადორი იქნება იოლი მეტოქე. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ წლევანდელ მუნდიალზე აფრიკული გუნდები გადასარევად გამოიყურებიან. მაროკო, განა, სენეგალი, სამივე ძალიან კარგი გუნდია.

როზენკრანცი: კარგი, კარგი, მორჩი ლაყბობას. წასვლის დროა, თორემ, მატჩზე დავაგვიანებთ.
გილდენსტერნი: მართალი ხარ, წავედით. ღმერთმა დალოცოს დედოფ... აჰ, მეფე!

მეგობრებმა სასტუმრო დატოვეს და გეზი ალ ბაით სტადიონისკენ აიღეს, სადაც ერთმანეთს ინგლისისა და ამერიკის გუნდები დაუპირისპირდებიან.