Search

კევინ დე ბრუინი რეკორდების დამხობას განაგრძობს

ავტორი: გიორგი ლემონჯავა
ლინკი დაკოპირდა arrow down share iconლინკის კოპირება
ფონტის ზომა
TT

კევინ დე ბრუინი, ბევრის აზრით, მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველია, ბელგიელი ფლეიმეიქერი კი ამას პრაქტიკულად ყოველ ტურში ადასტურებს.

კვირას პრემიერ ლიგის სეზონი დასრულდა, დე ბრუინმა კი მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა.

ქალაქელებმა ნორვიჩს 5:0 მოუგეს, კევინმა კი ორი გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, მეოთხე გოლზე კი ბურთი რიად მაჰრეზამდე მიიტანა.

რაჰიმ სტერლინგისთვის გაკეთებული საგოლე გადაცემით, ფლეიმეიქერმა ლეგენდარული ტიერი ანრის რეკორდი გაიმეორა, რომელიც აქამდე ერთადერთი ფეხბურთელი იყო, ვისაც პრემიერ ლიგის სეზონში 20 ასისტი ჰქონდა გაკეთებული.

დე ბრუინი 2019/20 სეზონში

46 მატჩი

15 გოლი

23 ასისტი

"ჩემი როლი მოედანზე მომენტების შექმნაა. ყოველთვის ვცდილობ, გუნდელები კარგი პასებით მოვამარაგო და იმის იმედზე ვიყო, რომ გაიტანენ. ეს მათ ძალიან ხშირად გამოსდით, რისთვისაც მადლიერი ვარ" - განაცხადა დე ბრუინმა ანრის რეკორდის მოხსნის შემდეგ

"როცა რეკორდსმენი ხარ დიდი პატივია, მაგრამ როცა ტიერი ანრის რეკორდს იმეორებ ეს კიდევ უფრო საამაყო მოვლენაა."

ტიერი ანრიმდე ეს რეკორდი ერიკ კანტონას ეკუთვნოდა, რომელმაც პრემიერ ლიგის სადებიუტო 1992/93 სეზონში 16 საგოლე გადაცემა განახორციელა.

ანრის რეკორდის გამეორება კი უკანასკნელ 17 სეზონში ძალიან ბევრმა სხვადასხვა ფეხბურთელმა სცადა - ამასთან თავად დე ბრუინიც ძალიან ახლოს იყო, თან ორჯერ.

2016/17 სეზონში ბელგიელმა ნახევარმცველმა 18 ასისტი გააკეთა და ანრიმდე სულ 2 საგოლე გადაცემა დააკლდა. არადა, სეზონი კევინმა უკანასკნელ 4 მატჩში 5 ასისტით დაასრულა.

პირველი ფეხბურთელი, რომელიც ანრის მიუახლოვდა, ფრენკი ლემპარდი გახლდათ, 2004/05 სეზონში. ეს სეზონი იმითაც არის გამორჩეული, რომ ჩელსის არსენალის დაუმარცხებლად მოგებული პრემიერ ლიგის რეკორდის გამეორებაში მხოლოდ ერთმა წაგებამ შეუშალა ხელი.

ლამპარდი ამ სეზონში ფენომენალურად გამოიყურებოდა და 29 ტურის შემდეგ 17 საგოლე გადაცემა ჰქონდა დაგროვილი, მაგრამ ბოლო 9 ტურში მხოლოდ 1 ასისტის გაკეთება შეძლო და ტიტის ვერ დაეწია.

2007/08 სეზონი ანრის წასვლის შემდეგ არსენალისთვის პირველი იყო, ახალგაზრდა სესკ ფაბრეგასმა კი კაპიტნის სამკლაური გადაიბარა და ლეგენდარული ფრანგი თავდამსხმელის რეკორდსაც დაუმიზნა.

არსენალი ამ წელს შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ ედუარდოს ტრაგიკული ტრავმის შემდეგ გუნდმა ზედიზედ 6 ტურში დაკარგა ქულები და ჩემპიონობის შანსი დაკარგეს.

ყველაზე მეტი ასისტი პრემიერ ლიგის სეზონში

1. კევინ დე ბრუინი (2019/20) / ტიერი ანრი (2002/03) - 20

2. მესუთ იოზილი (2015/16) - 19

3. კევინ დე ბრუინი (2016/17) / ცესკ ფაბრეგასი (2014/15) / ფრენკ ლამპარდი (2004/05) - 18

4. ცესკ ფაბრეგასი (2007/08) - 17

5. ერიკ კანტონა (1992/93) / კევინ დე ბრუინი (2017/18) - 16

ფაბრეგასმა 29-36 ტურებში 7 მატჩში 7 საგოლე გადაცემა გააკეთა და ბოლო 2 ტურში ანრის რეკორდამდე 2 ასისტი აშორებდა, მაგრამ მცირე ტრავმის გამო ესპანელმა ნახევარმცველმა სეზონი ნაადრევად დაასრულა.

ცესკს ზუსტად იგივე ამბავი გადახდა 2014/15 სეზონშიც, როცა 36 ტურში კვლავ 18 ასისტი მოაგროვა და ანრის რეკორდის გასამეორებლად ბოლო 2 ტურში 2 ასისტი აკლდა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი მისი ბრალი იყო.

37 ტურში ვესტ ბრომვიჩის წინააღმდეგ ფაბრეგასმა 29' წუთზე წითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაციით ბოლო ტურის მატჩიც გამოტოვა, რითიც ტიტის რეკორდი ხელშეუხებელი დარჩა.

კიდევ უფრო უცნაური იყო ის, რაც მომდევნო სეზონში მესუთ იოზილს დაემართა - გერმანელი რეკორდის გამეორებასთან პირველივე წრეში იყო ახლოს, მაგრამ, საბოლოოდ, 1 ასისტი დააკლდა.

პირველ 19 ტურში მესუთ იოზილმა 18 მატჩი ითამაშა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც ნიშნავდა, რომ დარჩენილ 19 ტურში ანრის რეკორდის გასამეორებლად მხოლოდ 4 ასისტი აკლდებოდა.

იოზილმა კი მხოლოდ 3 ასისტის შესრულება შეძლო. გერმანელს 9 მატჩიანი მშრალი სერიაც ჰქონდა - ფეხბურთის ღმერთებს არ უნდოდათ, რომ ანრის რეკორდი მესუთს გაემეორებინა.

ნორვიჩის წინააღმდეგ კი დე ბრუინმა შეუძლებელი შეძლო და თავისი გვარი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით, ტიერი ანრის გვერდზე ჩაწერა.