Search

კარიმ ბენზემა ოქროს ბურთს უახლოვდება

ფონტის ზომა
TT

ბოლო კვირის განმავლობაში, კარიმ ბენზემამ მადრიდის რეალი 90+ წუთზე ორჯერ გადაარჩინა და ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულებისთვის ბრძოლაში უდიდესი წვლილი შეიტანა

ჩელსისთან 96' წუთზე გატანილი გოლის შემდეგ, რომელიც ორი მატჩის ჯამში მისთვის მეოთხე იყო და საბოლოო ჯამში გამარჯვების გოლიც გამოდგა, ბენზემამ კვირას სევილიასთან ქამბექის გადამწყვეტი გოლიც შეაგდო

რეალი პირველ ტაიმში 2:0 დამარცხდა, მაგრამ როდრიგოსა და ნაჩოს გოლებით ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და როცა მადრიდისტებმა ტაბლოზე მსაჯის დამატებული 7 წუთი დაინახეს, საფეხბურთო სამყაროს თვალები კვლავ კარიმ ბენზემასკენ იყო მიმართული

ფრანგმა თავდამსხმელმა გულშემატკივარს იმედი არ გაუცრუვა და გამარჯვების გოლი კიდევ ერთხელ შეაგდო. რეალის ვიცე კაპიტანს ამ სეზონში უკვე 39 მატჩში 39 გოლი დაუგროვდა და ბევრის აზრით ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატიც გახლავთ.

ამ გამარჯვებით რეალმა ბარსელონასთან სხვაობა 15 ქულამდე გაზარდა და თუ გადადებულ მატჩებს გავითვალისწინებთ მადრიდელები უახლოეს მდევარს სუფთა 9 ქულით უსწრებენ, რაც ტურნირის დასრულებამდე 6 ტურით ადრე შესანიშნავი შედეგია.

რეალს ძალიან რთული მატჩი დარჩა სათამაშო ვანდა მეტროპოლიტანოზე ატლეტიკოს წინააღმდეგ და სევილიასთან ქულების დაკარგვის შემთხვევაში გუნდს ძალიან ბევრი სანერვიულო ექნებოდა, მაგრამ ახლა ლოს ბლანკოსი მადრიდულ დერბს შედარებით უფრო მშვიდად შეხვდება.

ლა ლიგის 35-ე ტიტულისკენ სევილიასთან გამარჯვებით მადრიდის რეალმა უდიდესი ნაბიჯი გადადგა, ახლა კი გუნდის მთელი ყურადღება მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ გასამართი ნახევარფინალური დაპირისპირებისკენ იქნება მიმართული.

კარლო ანჩელოტი ძალიან ახლოს არის იმასთან, რომ გახდეს ისტორიაში პირველი მწვრთნელი ვისაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატიდან ყველა აქვს მოგებული.