Search

ინტერვიუ გიგა ჭიკაძესთან

ავტორი: გიორგი ლემონჯავა
ლინკი დაკოპირდა arrow down share iconლინკის კოპირება
ფონტის ზომა
TT

გიგა ჭიკაძე UFC-ში წარმატებულად გამოდის. გიგამ ზედიზედ 3 ბრძოლა მოიგო.
წაიკითხე ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან და გაიგე მისი სამომავლო გეგმების შესახებ.

როგორ მდგომარეობაში გაქვს ბოლო ბრძოლაში ტრავმირებული ფეხი?
ბოლო ბრძოლის მიღებული ტრავმის მოშუშებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. ახლა, ამ ეტაპზე, თითქმის 100 პროცენტით მორჩენილია, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ მასაჟისტთან კონსულტაციის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ სისხლჩაქცევები ისევ იყო დარჩენილი. ამ სისხლჩაქცევების დაშლის შემდეგ ფეხი თავიდან გასივდა, მაგრამ სერიოზული არაფერია. ასევე, უკანასკნელ პერიოდში მარცხენა ყურიც მაწუხებდა. ამის გამო ჭიდაობაში ვარჯიშს ნორმალურად ვერ ვახერხებდი. თუმცა ახლა ყველაფერი კარგადაა. ვვარჯიშობ სრულფასოვნად.

როდის შეიძლება ჩაინიშნოს შენი შემდეგი ბრძოლა და რა ხდება ამასთან დაკავშირებით? ფაით აილენდზე მოხვედრა თუ გსურს?
ამაზე UFC-სთან მქონდა საუბარი და მონაწილეობის მიღებაც შემომთავაზეს. მოწაინააღმდეგე არ იყო ცნობილი, მაგრამ შემპირდნენ თუ მექნებოდა სურვილი, აუცილებლად ჩამსვამდნენ. სიმართლე რომ ითქვას, გვიანი ახლაც არ არის.  თუმცა ტრავმების გამო სრულფასოვანი მზადება ძალიან გვიან დავიწყე. ფაქტობრივად ახლა ვიწყებ. აგვისტოსთვის შეიძლება ყველაფერი მოხდეს. თუმცა გამორიცხული მანამდეც არაფერია.

იწერება ბარბოსასა და შენ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, თუმცა გულშემატკივარი ახალ ვარიანტზეც ალაპარაკდა - შეინ ბურგოსი.

ამასთან დაკავშირებით ისევ მაქვს მოლაპარაკებები UFC-სთან, სავარაუდოდ ბარბოსასთან ბრძოლა არ გამოდის. გამომდინარე იქედან რომ ის დიდი სახელია და ბოლო პერიოდში ძალიან ცუდი სერია აქვს, UFC-ში მისი დატოვება სურთ. კიდევ ერთი ბრძოლა რომ წააგოს, ალბათ UFC-ს დატოვება მოუწევს. ამიტომ, სავარაუდოდ რამე ადვილ ბრძოლას მისცემენ. რაც შეეხება შეინ ბურგოსს, მასთან დაკავშირებით შემოთავაზება არ მქონია. თუმცა, რასაკვირველია, თუ შემომთავაზებენ ამ ბრძოლას, ძალიან კარგი მატჩი გამოვა. თუმცა სხვა მეტოქეებიც განიხილება. ერთი-ორზე უკვე გვაქვს საუბარი და თუ რამე გადაწყდა, აუცილებლად შეგატყობინებთ.

ბევრი ქომაგისთვის 66 კგ.-ში სანატრელი მატჩი გახდა შენი და ზაბიტის დაპირისპირება, პოზიციებიდან გამომდინარე ჯერ ალბათ ადრეა ამ ბრძოლაზე საუბარი, მაგრამ შენ თუ გაქვს ზაბიტთან ჩხუბის სურვილი?
კი, ბევრმა დამისვა კითხვა თუ მაქვს სურვილი მასთან ვიბრძოლო. რა თქმა უნდა, ძალიან მსურს. ვთვლი, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ჩვენი სტილები ძალიან კარგ სანახაობას მოიტანს. და რა თქმა უნდა, ვხედავ ჩემს კოზირებს მასთან. თუ ეს მატჩი ოდესმე შედგება, ვიცი რა სტილით უნდა წარვმართო ეს ბრძოლა და რა არის საჭირო მის დასამარცხებლად.

ვისთან მეგობრობ შენს დივიზიონში და ამის გამო თუ გამორიცხავ მასთან დაპირისპირებას? კამარუ უსმანი და გილბერტ ბერნსი მეგობრობდნენ, თუმცა რამდენიმე დღეში საჩემპიონო ბრძოლა აქვთ.
არავისთან არ ვმეგობრობ ჩემს წონაში. ერთ-ერთი სპორტსმენი არის სპაიკი, რომელიც ჩემი მეგობრის დარბაზში ვარჯიშობს. თუმცა ამას მეგობრობას ალბათ ვერ დავარქმევ. მაქსიმალურად ვცდილობ შორს ვიყო მეგობრობისგან ჩემს წონით კატეგორიაში, რადგან ჩემი მეგობრის წინააღმდეგ ოქტაგონში ბრძოლა ალბათ გამიჭირდება.

როგორც სოციალური ქსელებიდან ჩანს, საკმაოდ კარგი ურთიერთობა გაქვს ალი აბდელაზიზთან. ის ერთ-ერთი საუკეთესოა თავის საქმეში.
კი, ნამდვილად. ალის 6 წელია ვიცნობ, მასთან ვმეგობრობ, ძალიან კარგი მენეჯერია. ვთვლი, რომ მის მენეჯმენტში ერთ-ერთი განსაკუთრებული პოზიცია მიკავია. მას ძალიან ვენდობი. ვთვლი, რომ ამ ეტაპზე მისი ჩემს გუნდში ყოფნა აუცილებელი და მომგებიანია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს არ უყვარს - ქართველებს განსაკუთრებით, მაგრამ ვცდილობ ჩემი კარიერისთვის მაქსიმალური გავაკეთო. ამ ეტაპზე მისი ჩემთან ყოფნა ჩემი კარიერისთვის მნიშვნელოვანი და ძალიან სასარგებლოა.

ცოტა ხნის წინ ალიმ განაცხადა, რომ შენ და რომანი მისი დიდი ქართული პროექტის დასაწყისი ხართ და მალე ბევრ ქართველს ვიხილავთ UFC-ში. რამდენად რეალურია ეს ყველაფერი და ვინმე კონკრეტული ხომ არ მოხვდა ალის ყურადღების ცენტრში?
ალისთვის პროქეტი გიგა ალბათ დიდი ხნის წინ იწყება. ჩვენ 2014 წელს შევხვდით ერთმანეთს. იმ დროს მხოლოდ კიკ-ბოქსინგით ვიყავი დაკავებული. კონტრაქტი მაშინ გამიფორმა, როცა MMA-ში არავითარი გამოცდილება არ მქონდა, თანაც WSOF-ის ფედერაციაში, რაც იმ დროს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია იყო. ის ამერიკაში დაფუძნებაში ძალიან დამეხმარა. მისი მხარდაჭერა პირველივე დღიდან ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
რაც შეეხება ქართველ მებრძოლებს - მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვცდილობდი. რა თქმა უნდა, თუ ვინმე დაინტერესებული იქნება ალისთან ურთიერთობით, ყოველთვის მზად ვარ დავეხმარო მასთან კონტაქტის დამყარებაში.

შენს წონაში საჩემპიონო ბრძოლა ჩატარდება - როგორ ფიქრობ დაიბრუნებს ჰოლოუეი ტიტულს და ვინ შეიძლება მოვიაზროთ ამ წონის მომავალ ჩემპიონად, რა თქმა უნდა შენთან ერთად.
კი, ჩემი აზრით, მაქს ჰოლოუეი მოახერხებს ამ წონის ჩემპიონი გახდეს. მასთან ერთად ალბათ ზაბიტსაც აქვს შანსი, უბრალოდ მას კარდიოს პრობლმები აქვს და თუ მოახერხა ისიც აუცილებლად გახდება ჩემპიონი. რა თქმა უნდა, მანამ, სანამ ჩვენ ტოპ 15-ს დავეუფლებით.
 
ბოლო პერიოდში ბევრმა მებრძოლმა დააფიქსირა თავისი უკმაყოფილება ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ჯონ ჯონსი საერთოდ წავიდა ორგანიზაციიდან. როგორია შენი პოზიცია?
ის, რაც ჯონ ჯონსმა გააკეთა, არის მოლაპარაკების ერთ-ერთი გზა. სინამდვილეში ის არსად წასულა, არც სხვა სპორტსმენები მიდიან. ისინი ამ გზით უბრალოდ მედიის ყურადღების მიქცევას ცდილობენ. ცდილობენ ორგანიზაციას თავიანთი ფანების მხარდაჭერა დაანახონ და ამის ხარჯზე წარმართონ მოლაპარაკებები. ცხადია, ჯონ ჯონსი იმსახურებს ჰქონდეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურება და მას ამ ამბავში სრულად ვეთანხმები.


ლიანა და რომანი ფაით აილენდზე გამოვლენ და შეეცდებიან UFC-ში პირველი გამარჯვება მოიპოვონ, თუ საუბრობ მათთან? რა რჩევას მისცემდი/მიეცი?
რომანს და ლიანას ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ სოციალურ ქსელებში მქონია მათთან მიმოწერა. ორივეს წარმატებას ვუსურვებ და მათ ბრძოლას, საქართველოს დროშის კიდევ ერთხელ აღმართვას სულმოუთქმელად ველი. დარწმუნებული ვარ ჩვენს ქვეყანას ორივე ასახელებს და ორივე გაიმარჯვებს.

სამ თვეში ორი ბრძოლა ჩაატარე და გულშემატკივრების ყურადღება ამით კიდევ უფრო მიიქციე, უკვე სრულიად საქართველომ გაგიცნო და შეგიყვარა. თუ გრძნობ ამ გაზრდილ პოპულარობას?
კი, ნამდვილად კარგი იყო, რომ 3 თვეში ორჯერ მოვახერხე ბრძოლა. ვცდილობ მომდევნო ბრძოლაც რაც შეიძლება მალე გავმართო. რაც შეეხება ხალხის სიყვარულს, ვფიქრობ, რომ ეს არასოდეს მაკლდა. ამ მხრივ განსაკუთრებულად არაფერი შეცვლილა. მე ისევ ვაგრძელებ ვარჯიშს, ჩემი მიზანი ისევ ერთია: საქართველოში დავბრუნდე UFC-ის ქამრით.

და ბოლოს, უცვლელი კითხვა - როდის გიხილავთ საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოში ვიზიტს, ძალიან მინდოდა აქამდეც ჩამოვსულიყავი. სამწუხაროდ კორონავირუსის ამბების გამო ვერ მოვახერხე ჩამოსვლა. უახლოეს მომავალში, როგორც კი საზღვრები გაიხსნება, სამშობლოში აუცილებლად დავბრუნდები.