Search

ფლორენტინო პერესის სრული ინტერვიუ

ფონტის ზომა
TT

"ინგლისის, იტალიის და ესპანეთის წამყვან გუნდებს მოუწიათ საფეხბურთო სამყაროში არსებული საშინელი სიტუაციიდან გამოსავალი ენახათ.

გრანდებს შორის მეტი მატჩი ყველასთვის უკეთესი იქნება და მეტ ფულს მოგვიტანს.

ბევრი ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, რომ სუპერ ლიგის ჩატარება და ჩემპიონთა ლიგაზე უარის თქმა ჩვენთვის უკეთესია. სუპერ ლიგა გუნდებს ფინანსურად გადაარჩენს.

რეალმა ბევრი ფული დაკარგა და ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ. ინგლისის და ესპანეთის ტოპ გუნდები ცდილობენ ფეხბურთს უშველონ. მხოლოდ ჩვენმა გუნდმა წელს 400 მილიონი ევროთი იზარალა, რაც საშინელებაა.

უეფას მუქარა? ფეხბურთი უნდა განვითარდეს. მაყურებლების რაოდენობა იკლებს, სპორტი გულშემატკივრებისგან ინტერესს კარგავს, ცვლილებებია საჭირო.

16-24 წლის გულშემატკივრები ფეხბურთით დაინტერესებულები არ არიან, სპორტმა ადაპტაცია უნდა გაიაროს და ახალ თაობებს მოერგოს.

ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ ფეხბურთს ვუშველო.

სუპერ ლიგა უფრო მიმზიდველია. მანჩესტერი-მადრიდი და მილანი-ბარსა ყოველთვის უფრო კარგი საყურებელი იქნება, ვიდრე იუნაიტედის და სუსტი გუნდის მატჩი.

დიდ გუნდებს გულშემატკივრები მთელს მსოფლიოში ჰყავთ, სწორედ აქედან მოდის შემოსავალი და სწორედ ეს აინტერესებთ გულშემატკივრებს.

სუპერ ლიგა დახურული არ იქნება და იქ მონაწილეობის მიღება ყველა კარგ გუნდს შეეძლება. სევილიას სუპერ ლიგის თამაში ზუსტად ისევე გამოუვა, როგორც ჩემპიონთა ლიგის.

როცა ჩემპიონთა ლიგას იგებ, მაქსიმუმ 120 ან 130 მილიონ ევროს აკეთებ, სუპერ ლიგის გამარჯვებული ბევრად მეტს მიიღებს.

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი საშინელებაა, ის არავის მოსწონს და არავის ესმის.

2000 წელს რეალის გადასარჩენად მოვედი და ეს გავაკეთე კიდეც. მე რეალი გადავარჩინე.

უეფა მონოპოლიაა, ჩვენ კი ფეხბურთის გადარჩენას ვცდილობთ. უეფა გამჭვირვალე არაა და მათ საშინელი ისტორია აქვთ.

უეფამ 2024 წლისთვის ახალი პროექტი დაანონსა, რაც ფეხბურთს მოკლავდა.

ფეხბურთელებს სანაკრებო ტურნირებიდან არავინ მოკვეთავს, ამის გარანტიას გაძლევთ.

ლა ლიგა პრესტიჟს არ დაკარგავს, სუპერ ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი პარალელურად ჩატარდება.

ჩემპიონთა ლიგა ხალხს მხოლოდ მეოთხედფინალებიდან აინტერესებს, ტურნირი ძალიან უინტერესო გახდა.

პსჟ ტურნირზე არ დაგვიპატიჟებია, გერმანულ კლუბებთან კი ჯერ არ გვისაუბრია.

თუ პსჟ და ბაიერნი უარს იტყვიან, სუპერ ლიგას არანაირი ხიფათი არ დაემუქრება.

ის, რაც ჩეფერინმა ანიელის შესახებ თქვა, მიუღებელი იყო, ასეთი პრეზიდენტის ყოლა სირცხვილია.

სუპერ ლიგა ფეხბურთს გადაარჩენს. ბორის ჯონსონმა არ იცის, თუ რამხელა სარგებელს მოიტანს ეს ჩემპიონატი.

ჩემპიონთა ლიგა რომ გაგრძელდეს, ფეხბურთი კიდევ უფრო უკან წავა.

ჩვენს ტურნირზე ვიდეორეფერიც იქნება და ფინანსური ფეარ პლეიც. ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

ლაპორტას დარწმუნება რთული არ ყოფილა, მას ესმის რომ სუპერ ლიგა ძალიან საჭიროა. ამ პროექტზე დიდი ხანია ვმუშაობთ.

გუნდებმა ხელი კონტრაქტს შაბათს მოაწერეს, დატოვებას არავინ აპირებს.

L'Equipe-მ გამოკითხვა ჩაატარა, სადაც ჩანს, რომ იტალიაში ტურნირს 72% უჭერს მხარს, საფრანგეთში 71%, ესპანეთში 76%, ინგლისში 59% და გერმანიაში 57%.

თუ საჭირო გახდა, ჩემს ადგილს ლაპორტას დავუთმობ.

ტურნირზე მხოლოდ საუკეთესო მსაჯები გვეყოლებიან.

გამჭვირვალეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიცით რამდენ ფულს აკეთებს ლებრონ ჯეიმსი, მაგრამ არაფერი ვიცით უეფას პრეზიდენტის შესახებ.

ჩვენ ხელფასები შევიმცირეთ, მაგრამ უეფას ეს არ გაუკეთებია.

სუპერ ლიგაზე სახელფასო ჭერი იქნება, რომელიც შემოსავლის 55%-ს შეადგენს.

ტებასთან ჯერ არ გვისაუბრია, მალე უეფას და ფიფას გავესაუბრებით.

თუ უეფა მოლაპარაკებაზე უარს იტყვის, ტურნირს მაინც ჩავატარებთ.

ახლანდელი მატჩების დიდი ნაწილის ყურება არც კი შემიძლია.

გულშემატკივრები სულ მეკითხებიან, მოვიყვან თუ არა მბაპეს. მე კი სულ ერთ რამეს ვპასუხობ - არ იდარდოთ."