Search

აქლემებზე ამხედრებული მეგობრები ჯგუფურ ეტაპს აჯამებენ

ავტორი: დათა კუპატაძე
ლინკი დაკოპირდა arrow down share iconლინკის კოპირება
ფონტის ზომა
TT

მოქმედება მესამე

ორმა არისტოკრატმა ინგლისელმა ალ ხორის ქუჩაში აქლემების გამქირავებელს მიაგნეს და მატჩამდე დროის გაყვანა გადაწყვიტეს.

როზენკრანცი: ცოტა არაკომფორტულია, ცხენზე ჯირითს არ ჰგავს.
გილდენსტერნი: მაგრამ საინტერესოა. ამ სიცხეში სეირნობის შემდეგ, ცივი ლუდი და მსოფლიოს მერვედფინალები მოგვიხდება, არა?

როზენკრანცი: დაგავიწყდა? კატარში ლუდს რას დავლევთ.
გილდენსტერნი: აჰ, ეგ ვის გაახსენდა. შენ ის თქვი, როგორ მოგეწონა ჯგუფური ეტაპი?

როზენკრანცი: სიმართლე გითხრა, მე არ მეგონა ასეთი საინტერესო თუ გამოვიდოდა და ამდენი სენსაცია თუ მოხდებოდა. განსაკუთრებით მაროკოს ნაკრები მომეწონა. ჯგუფში თამაში არ წაუგიათ და ბელგიაც დაამარცხეს.
გილდენსტერნი: ეჰ, ბელგია, ბელგია. როგორ მეგონა, რომ ასე არ ჩარჩებოდნენ. მაგრამ, რაღა უნდა გაგვიკვირდეს, გერმანიაც, ზედიზედ მეორედ, ჯგუფში ჩარჩა.

როზენკრანცი: ეგ ჯგუფი საოცრება გამოდგა. იაპონელებში სამურაის სულმა გაიღვიძა და გერმანიაც და ესპანეთიც დაამარცხეს და პირველი ადგილი დაიკავეს. სრული სენსაცია იყო. ის კი არა, რაღაც მომენტი კოსტა რიკა რომ იგებდა, ესპანეთიც ჩარჩენის საფრთხის წინაშე იყო.
გილდენსტერნი: საერთოდაც, აზიელებმა საოცრებები ჩაიდინეს. სამხრეთ კორეელებმა ბოლო ტურში პორტუგალია დაამარცხეს და ჯგუფიდან გავიდნენ.

როზენკრანცი: კარგი რა, ძალიან გაუმართლა კორეას. მსაჯებმა გაწირეს ურუგვაი, პენალტი არ დაუდეს და დიდი ალბათობით სამხრეთ ამერიკელები გავიდოდნენ. თან წარმოიდგინე, რა საოცარ წყვილს მივიღებდით ბრაზილია - ურუგვაი, მაგრამ ახლა გვაქვს სამხრეთ კორეა -ბრაზილია.
გილდენსტერნი: ბრაზილიამაც, როგორ დათმო ბოლო მატჩი. მაგრამ არგუმენტი აქვთ - უმოტივაციოდ, მეორე გუნდით ითამაშეს.

როზენკრანცი: ბრაზილიის ჯგუფის უდიდესი იმედგაცრუება სერბეთი იყო. მეგონა გასვლას მაინც შეძლებდნენ იმდენად კარგი მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდი ჰყავთ.
გილდენსტერნი: იმედგაცრუებაზე გამახსენდა, დანიამ რა ქნა, დანიამ. რას შვრებიან ფარული ფავორიტები?

როზენკრანიც: ამ თემაზე ქილიკით არ დაიღალე? საშინლად გამოვიდნენ, ამას ვერც კი წარმოვიდგენდი. ვინმეს რომ ეთქვა დანია 1 ქულას აიღებს, ისიც ტუნისთან, ავსტრალიასთან წააგებს და ჯგუფში ჩარჩებაო ვერ დავიჯერებდი.
გილდენსტერნი: ისე, ტუნისი როგორი უცნაური გუნდი გამოდგა. ბოლო ტურში დამარცხებული საფრანგეთის ნაკრები. ნუ, ფრანგებსაც ბრაზილიის მსგავსი გასამართლებელი მიზეზი აქვთ.

როზენკრანცი: კი, გეთანხმები. რაც მთავარია, ჩვენი ბიჭები ძალიან დამაჯერებლად ასპარეზობენ. რაშფორდი რა დიდებულ ფორმაშია, არა? ჯერ კიდევ როდის გეუბნებოდი, რომ სტერლინგს რაშფორდი ჯობია იდგეს.
გილდნესტერნი: ვაღიარებ, მართალი აღმოჩნდი. ამ გადმოსახედით ინგლისს არც სენეგალთან გაუჭირდება, მაგრამ აი, მეოთხედფინალში სავარაუდოდ საფრანგეთთან რა მოხდება წარმოდგენაც არ მსურს.

როზენკრანცი: კარგი რა, ოპტიმისტი იყავი. აგერ, ბევრად სუსტი ავსტრალიის ნაკრები მეორე გოლის გატანისგან შორს არ იყო. ამერიკელებს რომ გამართული დაცვა ჰყოლოდათ, ისინიც უფრო აქტიურად შეძლებდნენ ბრძოლას.
გილდენსტერნი: ავსტრალიაზე დაგეთანხმები, მაგრამ ამერიკა უშანსოდ იყო. დენზელ დუმფრისი საოცარი იყო. საჭირო რომ გამხდარიყო, დარწმუნებული ვარ, კიდევ შექმნიდა გოლს.

როზენკრანცი: მოდი ისიც თქვი, რა მოლოდინები გაქვს? რას ფიქრობ, კიდევ რომელი ექვსი გუნდი გავა მომდევნო ეტაპზე?
გილდენსტერნი: ინგლისი აუცილებლად, სამწუხაროდ საფრანგეთიც. ასევე ბრაზილია, პორტუგალია, ესპანეთი და ხორვატია. მე ამ ეტაპზე სენსაციას არ ველი.

როზენკრანცი: აი, რაღაცებში ვერ მოგყვები. მგონია იაპონია კიდევ ერთ სასწაულს ჩაიდენს და ხორვატიას გააგდებს. კიდევ მგონია და ძალიან მინდა, რომ ესპანეთი მაროკომ გამოთიშოს.
გილდენსტერნი: ეს თუ ისეთივე ვარაუდია, როგორიც დანიის ფარული ფავორიტობა იყო, მაშინ შეგვიძლია ხორვატიასაც და ესპანეთს უკვე მივულოცოთ მეოთხედფინალი.

როზენკრანცი: კარგი, კარგი, გეყოფა! დროა დავასრულოთ სეირნობა, ინგლისის მატჩის დაწყებამდე სადმე მივიდეთ, საფრანგეთის თამაშს ვუყუროთ და პოლონეთის ნაკრებს ვუგულშემატკივროთ.
გილდნესტერნი: ნამდვილად, დროულია. თან იქნებ ცოტა გავგრილდეთ, ცივი ლუდ... წვენით.

მეგობრებმა აქლემები გამქირავებელს დაუბრუნეს და ვიდრე ინგლისის ნაკრების თამაშის დრო დადგებოდა, პირველი მატჩის საყურებლად ადგილის ძებნას შეუდგნენ.