Search

5 ლეგენდარული მატჩი, სადაც იკერმა გუნდი პირადად გადაარჩინა

ფონტის ზომა
TT

2010 - ესპანეთი 1:0 ჰოლანდია

იკერის კარიერაში ყველაზე პოპულარული და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი სეივი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ჰოლანდიის წინააღმდეგ შედგა.

62' წუთზე უესლი სნეიდერის პასმა ესპანელი მცველები უძლური დატოვა და არიენ რობენი იკერის პირისპირ გაიყვანა, რობენის დარტყმა კი საპირისპირო მხარეს გადახრილმა იკერმა ფეხის დატოვების წყალობით მოიგერია, რითიც ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იკონური სეივი განახორციელა და საკუთარი გუნდი გადაარჩინა.

ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, იკერი კი ფინალის გმირი იყო.

2002 - ესპანეთი 1:1 (3:2) ირლანდია

2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ერთმანეთს ესპანეთისა და ირლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ და, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი მატჩის აშკარა ფავორიტად ითვლებოდა, შეხვედრა სულ სხვანაირად წარიმართა.

იკერმა პირველ ტაიმში რობი კინს და დემიენ დაფს არ მისცა გოლების გატანის საშუალება, მეორე ტაიმში კი ხუანფრანის სულელური შეცდომის გამო დადებული პენალტი იან ჰარტს აუღო.

21 წლის მეკარის შესანიშნავი თამაშის მიუხედავად, 90' წუთზე ფერნანდო იერომ საჯარიმოში დავიდ კონოლის მაისურზე მოქაჩა და მეორე პენალტი აიკიდა, რომლის მოგერიებაც იკერმა ვეღარ მოახერხა.

მატჩი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც იკერმა დევიდ კონოლის და კევინ კილბეინის პენალტები მოიგერია და სამი აღებული პენალტით ესპანეთის შემდეგ ეტაპზე გაყვანა მოახერხა.

სწორედ ამ მატჩის შემდეგ უწოდეს კასილასს პირველად "წმინდა იკერი" ჟურნალ AS-ის სტატიაში.

2008 - ესპანეთი 0:0 (4:2) იტალია

ევრო 2008-მდე, ესპანეთს იტალიის წინააღმდეგ ოფიციალური მატჩი არასდროს მოუგია. 2008 წელსაც, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი არც თუ ისე წარმატებული ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ფავორიტად ითვლებოდა.

მაგრამ, იკერმა ფენომენალური მატჩი ჩაატარა. ძირითად დროში მან ანტონიო დი ნატალეს ცხრიანში გაშვებული თავური მოიგერია, შემდეგ კი მაურო კამორანეზის აუღო ახლოდან დარტყმული უძლიერესი ბურთი.

ყველაფერი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც იკერმა ლეგენდარული დანიელე დე როსის და ანტონიო დი ნატალეს პენალტები მოიგერია და გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა.

იკერი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა და ჯიჯი ბუფონს პირადი დაპირისპირება პირველადაც მოუგო.

2010 - ესპანეთი 1:0 პარაგვაი

2010 წლის მუნდიალზე იკერს გუნდი მხოლოდ ფინალში არ გადაურჩენია, იგი მთლიან ტურნირზე ფენომენალურად გამოიყურებოდა.

მატჩის პირველ ტაიმი საკმაოდ მშვიდი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში ესპანეთი დამარცხებასთან ძალიან ახლოს იყო, როცა პიკემ საჯარიმოში ოსკარ კარდოზო წააქცია.

პენალტი თავად კარდოზომ შეასრულა, მაგრამ იკერმა თავდამსხმელი უშანსოდ დატოვა და ბურთი პირდაპირ ხელებში გააქვავა.

ამ მომენტამდე საგოლე მომენტები პარაგვაის უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე ესპანეთს. ნელსონ ვალდესმა გოლიც გაიტანა, რომელიც თამაშგარის გამო გაუქმდა.

მაგრამ იკერის აღებულმა პენალტმა პარაგვაი ფსიქოლოგიურად გაანადგურა და მატჩის უკანასკნელ ნახევარ საათში მოედანზე ესპანელები დომინირებდნენ, 83' წუთზე კი გამარჯვების გოლიც გაიტანეს.

მატჩის შემდეგ ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ ესპანეთმა ძალიან ცუდი თამაში აჩვენა და გუნდი იკერმა გადაარჩინა.

2002 - რეალი 2:1 ლევერკუზენი

2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი კასილასის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩია, მიუხედავად იმისა, რომ ეს სეზონი კიპერისთვის საკმაოდ მძიმედ იწყებოდა.

2001/02 სეზონის პირველ ნახევარში ნაჩვენები არადამაჯერებელი თამაშის გამო, 19 წლის იკერმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ცეზარ სანჩესს დაუთმო, რომელმაც ძალიან დამაჯერებელი სეზონი ჩაატარა და რეალის კარს ფინალამდე წაუძღვა.

თუმცა, ფინალის 68' წუთზე სანჩესმა ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე კასილასს მოუწია შესვლა, ფინალის უკანასკნელ წუთებზე კი გერმანელებმა რეალის კართან ნამდვილი შტურმი მოაწყვეს.

ახალგაზრდა კიპერმა ახლო კუთხეში ჯერ შნაიდერის უძლიერესი დარტყმა მოიგერია, კუთხურიდან კი 3 მეტრიდან დარტყმული უძლიერესი ბურთი დიმიტარ ბერბატოვს აუღო.

მატჩის ბოლო მომენტი ისევ ბერბატოვს ჰქონდა, დამატებით წუთებზე, რომლის თავური დარტყმაც იკერმა ისევ ფეხით მოიგერია და რეალს ფინალი მოაგებინა.